ნილს სკოტი - გენდერული თანასწორობის მისაღწევად მხოლოდ კანონმდებლობა და პოლიტიკა არ კმარა
სასტუმრო „რედისონში” პარლამენტის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
პრეზენტაციაზე მსჯელობენ, რა ხარვეზებია საქართველოს კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის კუთხით.
შეხვედრას გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის ელჩი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კვლევა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო წლების კვლევის შედეგებს ეყრდნობა, მისი მიზანი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები და უსაფრთხოება.
რეკომენდაციები კი საქართველოს კანონმდებლობის გადასინჯვას ეხება და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის, საარჩევნო და შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
„გენდერული თანასწორობის მისაღწევად მხოლოდ კანონმდებლობა და პოლიტიკა არ კმარა. მაგრამ მათი გადახედვა კონსტრუქციული ნაბიჯია ქალთა და კაცთა შორის რეალური თანასწორობის მიღწევისა და ქალთა სისტემური დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზაზე. იმედი მაქვს, რომ კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები საფუძველს დაუდებს ქმედითი ზომების გატარებას სექსუალური ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა.