ნიკოს ხრისტოდულიდისი - საქართველო წარმოუდგენელი ნაბიჯებით მიიწევს წინ და იმსახურებს, მისი მცდელობები აღიარებულ იქნას ევროკავშირის მიერ
საქართველო მართლაც წარმოუდგენელი ნაბიჯებით მიიწევს წინ და ნამდვილად იმსახურებს, მისი ეს მცდელობები ევროკავშირის მიერ აღიარებულ იქნას, – ამის შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს ხრისტოდულიდისმა ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი საეტაპო ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.
„ჩემს კოლეგა მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთობების შესახებ. დავსახეთ სამომავლო გზები, რით შეიძლება, გავაღრმაოთ ქვეყნებს შორის უერთიერთობა. დღეიდან ვიწყებთ მუშაობას, სხვადასხვა სახელშეკრულებო მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე. ველოდებით ჩემი მეგობარი მინისტრის ვიზიტს კვიპროსზე“, – განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ნიკოს ხრისტოდულიდისის თქმით, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზეც ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ასევე მქონდა საშუალება, მიმეღო ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში არსებული მდგომარეობის შესახებ. გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა ურყევი და იმედი მაქვს, ჟენევის მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, შედეგიანი იქნება საქართველოსთვის“, – ნიკოს ხრისტოდულიდისმა.
როგორც მან აღნიშნა, კვიპროსის რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ამასთან, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან.
„გამოვხატე ჩვენი სრული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მომავალში მისი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ინტეგრაციის შესახებ. ვხედავთ, როგორი დიდი მცდელობა და სამუშაო მიმდინარეობს საქართველოში, რომ ევროპული მომავალი იყოს გარანტირებული. ვიტყოდი, რომ ამ მცდელობების სარგებელი ნამდვილად ორმხრივი იქნება. 13 მაისს ბრიუსელში ჩატარდება მინისტრთა შეხვედრა. წელს 10 წელი სრულდება ამ შეხვედრების დაწყებიდან. გვექნება შესაძლებლობა, არამხოლოდ აღვნიშნოთ 10 წლის იუბილე, არამედ ვნახოთ, როგორ ვუჭერთ მხარს და როგორ ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოს ხრისტოდულიდისმა.
მან საქართველოს წინსვლასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანა იმსახურებს მისი მცდელობები ევროკავშირის მიერ აღიარებული იყოს.
ნიკოს ხრისტოდულიდისი საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.