ნიკოს ანასტასიადისი - კვიპროსზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ძალიან ავითარებენ ჩვენს სახელმწიფოს
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ კვიპროსზე, ძალიან ავითარებენ ჩვენს სახელმწიფოს არამხოლოდ კულტურული კუთხით, არამედ ეკონომიკური გაძლიერების პროცესშიც დიდ მონაწილეობას იღებენ, – ამის შესახებ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველთა არსებობა კვიპროსზე მრავალ წელსა და საუკუნეს მოიცავს.
„მეათე საუკუნიდან ფიქსირდებიან ქართველები კვიპროსზე, მათ ააგეს მონასტერი პაფოსში. 1571 წელს მონასტერი უცხო დარბევის გამო მიტოვებულ იქნა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა მოლაპარაკებები და არქეოლოგიური გათხრები გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი იქნა აღნიშნული ეკლესიის ნანგრევები“, – განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ საქართველოს მიწის ნაკვეთი გადასცა.
„ამ ჩვენი საუკუნებრივი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსის სახელმწიფომ გადასცა საქართველოს მიწის ნაკვეთი, იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც უკვე არსებული მეათე საუკუნის ნანგრევებია, ახალი მონასტერი აიგოს“, – განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა გაცვალეს ინფორმაციები საერთო ინტერესების შესახებ.