ნიკოლოზ ყიფშიძე - სააკაშვილი არ გვინახავს, ექიმებმა გვითხრეს, რომ მისი მდგომარეობა რთულია, საჭმელს არ იღებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების საშუალება დღეს არ მიეცა.
მისივე თქმით, ექიმებისგან აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია.
ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს.
„არ შეგვიშვეს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ მოხდება ბოლოს და ბოლის ჩვენი შესვლა და პრეზიდენტის ნახვა. ექიმებმა რაც გვითხრეს, არის ის, რომ მისი მდგომარეობა რთულია, აქვს საჭმლის მიუღებლობა, არ ღებულობს, რაც აქ არის, საჭმელი არ მიუღია, მიზეზებს სწავლობენ ახლა და აღმოჩნდა, რომ დამატებითი ტესტებია გასაკეთებელი, ბევრად მეტი ანალიზის გაკეთება დასჭირდება ალბათ. აქამდე ჩატარდა სისხლის ანალიზი მხოლოდ. აღმოჩნდა, რომ გასაკეთებელი არის დამატებითი რთული კვლევები, რომლებიც გაკეთდება შემდეგი ორი-სამი დღის განმავლობაში. როდესაც ეს ყველაფერი მზად იქნება, ექიმები დაწერენ დასკვნას.
უფრო მეტ დეტალში ვერ შევალ, მდგომარეობა არის რთული. რა სიმპტომებიც ჰქონდა და რასაც გვიყვებოდნენ მანამდე ექიმები, ის ყველაფერი რჩება, ამას ემატება ის, რომ ოთხი დღეა, არ ჭამს საჭმელს. ჩვენ თვითონ ავადმყოფი არ გვინახია. წერილი მომცა დღეს საავადმყოფოს ადმინისტრაციამ, რომელიც უნდა წავიღო ჯიქიას ქუჩაზე, დავწერო თავიდან განცხადება და იმედია, ამ განცხადებას დაადებენ ვიზას და ყველა დოკუმენტით დავბრუნდებით უკან. დაგეგმილი არის საავადმყოფოში რამდენიმე სპეციალისტის მოყვანა, მათ შორის ნევროპათოლოგის. მე გეუბნებით იმას, რასაც საავადმყოფოში მეუბნებიან. დიდი წინსვლაა „ვივამედის“ კლინიკა. ბევრად მზად არის, რომ გააკეთოს სწორი დიაგნოზი და შემდეგ უკვე ვნახავთ, რა და როგორ იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც ნევროლოგ ოთარ თოიძესთან ერთად იმყოფებოდა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ექიმებს შეხვდა.