ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა, აქვს ანემია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ყიფშიძემ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც სააკაშვილი მოინახულა.
ექიმის თქმით, სააკაშვილს დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა. ასევე, ყიფშიძს თქმით, სააკაშვილს აქვს ანემია.
„პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საერთო სისუსტე გრძელდება, ასევე აღვნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. პლუს ამას, დაემატა რამდენიმე ახალი რაღაც. პირველ რიგში, ეს არის კუჭნაწლავის პრობლემები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ, რა უნდა ვქნათ. მეორე, ეს არის ნეიროდეფიციტი. ეს, ჩემი აზრით, გამოხატულია და საჭიროებს კორეგირებას რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროა მულტიპროფილური ექიმების ერთად შეკრება, რომ გადავწყვიტოთ, რატომ მოხდა ეს. ასევე გამოკვეთილია ანემია, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა. ანემიის ნიშნები ჰქონდა როდესაც შიმშილობდა, მაგრამ მერე გამოსწორდა. ახლა ისევ დაიწყო ანემია“,- განაცხადა ყიფშიძემ.
ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის მკურნალობა არ არის ადეკვატური მის საჭიროებებთან.
„ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. მაგალითად, ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, რადგან შესაძლოა, ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატები. საჭიროა თერაპიის კორეგირება, ახალი მედიკამენტების დამატება“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის ფსიქოტროპილი მედიკამენტების დოზა, რასაც მას აძლევდნენ, მაღალი იყო.
„ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, შეიძლება ის დოზა, რასაც პრეზიდენტს აძლევდნენ, არ აღემატებოდეს თერაპიულ დოზას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს დოზა ძალიან დიდი იყო მის მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის. თერაპიული დოზა არის ფსიქოზების დროს ავადმყოფის მკურნალობა, მაგრამ რასაც პრეზიდენტს აძლევდნენ, მის მდგომარეობაში, ამდენი სტრესის, შიმშილობის შემდეგ, ჩემი აზრით, ძალიან მაღალი დოზა იყო“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.