ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში

მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მთელი დღის განმავლობაში სააკაშვილს წნევასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამასთან, ყიფშიძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სააკაშვილის ნევროლოგიურ მდგომარეობას.

„წნევის პრობლემები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. ალბათ შემდეგ დღეებში შევხედავთ, როგორ იქნება საქმე. დღეს ვერავითარ პროგნოზს ვერ მოგცემთ ნევროლოგიასთან დაკავშირებით. კვება დაიწყო, ნორმალურად წავიდა ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცით, რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა აღნიშნა, ისეთი პაციენტის მკურნალობა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, შეუძლებელია გორისა თუ ციხის საავადმყოფოებში. მისი განცხადებით, „გადაწყვეტილების მიღება რომ შეეძლოს, ასეთ ადამიანს ციხეების გარეთ მკურნალობის უფლებას მისცემდა“.

„პრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს, ძალიან მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს. მინდა, აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, ასეთი ავადმყოფის მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო, ან სხვა, შეუძლებელია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. ვერ გეტყვით, ერთი თვე, სამი თვე. ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება, კოლეგები არ დამეთანხმონ, მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს ციხეების გარეთ მკურნალობის უფლებას მივცემდი. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. იურისტი არ ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი, არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც. ეს ჩემი გულწრფელი აზრია.

მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ თქვენ ავადმყოფს უმკურნალეთ. აქ არის სტრესი, ბევრი პრობლემა. ჩემი აზრი ასეთია. შეიძლება ვინმეს მოეწონოს, ვინმეს არა. ეს განცხადება, რასაც ვაკეთებ, პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება, გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, შეუძლებელია ასე გაგრძელება. რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე. კლინიკაში უნდა გააგრძელოს თავისუფლად მკურნალობა. უნდა მისცე ადამიანს საშუალება, თავად გადაწყვიტოს, სად, ვისთან, როგორ იმკურნალოს. ის პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს გადავადდეს. არ ვიცი ეს იურიდიული საკითხები. ხომ შეიძლება, ადამიანი გაუშვათ, დიახ, ვითხოვ, რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, რადგან ეს დღეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში, თუ გინდათ, ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ, ასე იქნება.

რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, იმას არ ნიშნავს, რომ მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი, მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოსი, ფილტვის, თავის ტვინის, ღვიძლის. შემომაქვს ასეთი კითხვა, იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.