ნიკოლოზ ვაშაკიძე - ვიმედოვნებ, ამ არჩევნების შედეგად შევძლებთ, გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალი, ნორმალური პოლიტიკური კულტურის დასამკვიდრებლად
მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამ არჩევნებზე შევძლებთ ნაბიჯის გადადგმას ახალი, ნორმალური პოლიტიკური კულტურის დასამკვიდრებლად, – განაცხადა „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები“.
„ევროპელი დემოკრატების სახელით მივესალმები ტელემაყურებელს, შესაბამისად, ქართველ ამორჩეველს. მინდა, თქვენთან ერთად გამოვთქვა სურვილი, რომ კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნები სიკეთის მომტანი იქნება მთლიანად ქვეყნისა და თითოეული ოჯახისთვის. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამ არჩევნების შედეგად ჩვენ, როგორც საზოგადოება, ასევე, პოლიტიკური სპექტრი შევძლებთ, გადავდგათ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაინც თუნდაც, ახალი, ნორმალური პოლიტიკური კულტურის დასამკვიდრებლად, სადაც დაპირისპირებული და კონკურენტი პოლიტიკური პარტიები ისწავლიან ურთიერთქმედებას და საკითხებზე შეთანხმებას მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ვაშაკიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვისთან ითანამშრომლებენ „ევროპელი დემოკრატები“ მანდატების მოპოვების შემთხვევაში და რა იქნება მათი მთავარი პირობა, რომელსაც სხვა პარტიებისგან მოითხოვს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ პარტიამ ჩაატარა შეხვედრები პოტენციურ ამომრჩევლებთან, რიცხვები, რომლებიც გამოკითხვების შედეგად იდება, შეიძლება, ძალიან განსხვავდებოდეს რეალური განწყობებისგან და არჩევნების შედეგად, შესაძლოა, სულ სხვა სურათი მივიღოთ.
„ჩვენ გვაქვს მყარი იმედი იმისა, რომ საკმაოდ ნორმალურ, კარგ შედეგს ვაჩვენებთ ამ არჩევნებზე. შეხვედრებიდან და მუდმივი კონტაქტიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ამომრჩეველთან გაგვაჩნია, ასეთი შეგრძნება და შთაბეჭდილება გვაქვს. რაც შეეხება პოტენციურ თანამშრომლობას კოალიციურ რეჟიმში, უშუალოდ პარლამენტში, ზოგადად, ჩვენ მრავალჯერ დავანახეთ როგორც ჩვენს პარტნიორებს პოლიტიკაში, ასევე, მთლიანად საქართველოს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიცით პარტნიორობა, ჩვენ გვაქვს უნარი, შევქმნათ კოალიციები, ვითანამშრომლოთ და ხშირად, ძალიან წარმატებული პოლიტიკური პროექტები სწორედ ჩვენი ინიციატივითა და მონაწილეობით განხორციელდა. ბოლოს, ამ არჩევნების წინ, ჩვენი დაჟინებული თხოვნა და მოწოდება იყო, გაკეთებულიყო, თუ გნებავთ, ერთიანი ფრონტი თუ ერთიანი ოპოზიციური სია, რათა გარღვევა და გადამწყვეტი შედეგი მიღწეულიყო ამ არჩევნებზე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ამიტომ გავდივართ მარტო, სამაგიეროდ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ვაშაკიძემ.