ნიკოლოზ ვაშაკიძე - სადემარკაციო კომისიის წევრებმა იმ დროისთვის ოპტიმალური შესაძლებლობებით იმოქმედეს, მათ კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება
სადემარკაციო კომისიის წევრებმა იმ დროისთვის ოპტიმალური შესაძლებლობებით იმოქმედეს, მათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარება, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში განმეორებითი გამოკითხვის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძიების პერიოდზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს, რადგან სადელიმიტაციო კომისიას 2008 წელს ხემძღვანელობდა, ხოლო მანამდე სამუშაოში ჩართული არ იყო.
რაც შეეხება გამოკითხვის შინაარსს, ვაშაკიძის განმარტებით, გაუთქმელობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რის გამოც ვერ ისაუბრებს.
„კომისიის წევრების კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის მჯერა. ვერ გეტყვით, რომ დავით გარეჯის ეს მონაკვეთები აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. კომისიის ფარგლებში ორმხრივ ოქმს ხელი მოწერილი არ აქვს, ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი“, – განაცხადა ვაშაკიძემ.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ძიებას პოლიტიკური სარჩული ედოს, რადგან ვაშაკიძის თქმით, გასათვალისწინებელია ძიების დაწყების პერიოდი და რამდენიმე დღის წინ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, „რომელმაც ძალიან დიდი ჯგუფი გამოაცხადა მოღალატეებად“. ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, კომისიის მუშაობას დეტალური შესწავლა სჭირდება.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.