ნიკოლოზ შერაზადაშვილი - 2016 წელს, თურქეთმა მოქალაქეობის შეცვლა შემომთავაზა | ჩემპიონის ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან
ნიკოლოზ შერაზადაშვილი - 2016 წელს, თურქეთმა მოქალაქეობის შეცვლა შემომთავაზა | ჩემპიონის ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან

წამყვანმა ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ (Marca) ძიუდოისტ ნიკოლოზ შერაზადაშვილთან, რომელმაც ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ოქრო მოუტანა მამაკაცებს შორის, ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

– უკვე გააცნობიერეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ხართ?
– კარგა ხანი დამჭირდება ამის გასაცნობიერებლად. ჩემპიონობის შემდეგ, ადრე დავწექი, მაგრამ მღელვარებისგან ვერ დავიძინე. და არც ოთახში ჩემი მეგობარი ალფონს ურკისი დავაძინე. მან მაგიდაზე ჩემი მედალი დაინახა და მითხრა, რომ ეს დაუჯერებელი მიღწევა იყო.
– ბევრი მილოცვა მიიღეთ?
– ბევრი, არადა, მობილური გამორთული მქონდა (სანამ ეს ინტერვიუ ტელეფონით იწერებოდა, ნიკას “ტვიტერით” პაუ გასოლმა მიულოცა). პირველ რიგში, ჩემმა ოჯახმა მომილოცა, შემდეგ კი პავილიონში უცნაური სანახავი იყო, როცა ესპანელები და ქართველები ერთმანეთს ეხვეოდნენ, არადა, არც იცნობდნენ ერთმანეთს.
– რაში მდგომარეობს ოქროს მოპოვების საიდუმლო?
– სიმშვიდის შენარჩუნება, ცივი გონება და საკუთარი თავის ნდობა. არასოდეს არ უნდა დანებდე. პირველივე ბრძოლიდან ურთულესი მეტოქეები მყავდა, ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ჩემპიონი, შემდეგ ტოტი, რომელიც ყოველთვის მამარცხებდა. და ბოლოს, სილვა… უბრალოდ, ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. ჩვეულებრივ, ვსწავლობ ჩემს მეტოქეებს, ვსწავლობ ჩემს შეცდომებზე, რათა იგივე არ გავიმეორო. როცა ფინალი მოვიგე, მხოლოდ ჩემს ძმასა და დედას გავხედე ტრიბუნებზე…
– რას გრძნობდით პოდიუმზე?
– ბევრ ემოციას. გავიხსენე მამაჩემი (ის 2017 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა), ყველა, ვინც ამ წლებში ჩემს გვერდით იდგა. ჩემი მწვრთნელის, ჩემი კლუბისა და ფედერაციის გარეშე, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გავხდებოდი. ეს მედალი ყოველდღიური მსხვერპლისა და მონდომების შედეგია. არც ერთი დღე ვარჯიშის გარეშე, არანაირი წვეულება და ზეიმი. და ხანდახან, ამგვარი სამუშაოც არ არის საკმარისი ტრიუმფის მისაღწევად.
– რვა წლის წინ, როცა ესპანეთში ჩამოხვედით, იფიქრებდით, რომ პირველი ესპანელი ჩემპიონი გახდებოდით ძიუდოში მამაკაცებს შორის?
– გიჟი არ ვარ. 14 წლის ასაკში საკუთარ თავს გამოვუცხადე, რომ მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი, მაგრამ, ეს მაინც სიზმარია. რეალურად, ჩემი მიზნები მოკლევადიანი იყო და თანდათან იზრდებოდა. ოცნებები თანდათან სრულდებოდა: მოვიპოვე ბრინჯაო ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე, შემდეგ ვერცხლი ავიღე 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, წელს იყო ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე… ახლა, ეს გამარჯვება. ეს სერია უნდა გაგრძელდეს, უფრო დიდი უნდა გახდეს. არ ვაპირებ გაჩერებას, ტოკიოსთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. იყო მსოფლიოს ჩემპიონი – არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სამიზნეები არ მექნება. ვიცი, რომ შემდეგ ჯერზე, ყველა მოისურვებს მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხებას. მაგრამ, ჩემთვის ეს დადებითი ზეწოლაა.
– რატომ გადაწყვიტეს თქვენმა მშობლებმა საქართველოს დატოვება და ესპანეთში ჩამოსვლა?
– ისინი ფიქრობდნენ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის. ის ფეხბურთს თამაშობდა. კარგია, რომ მათ ესპანეთი აირჩიეს!
– ოდესმე გიფიქრიათ სამშობლოში დაბრუნება?
– არა. თავდაპირველად, აქ ჩემი ძმაც იყო, მაგრამ ფეხბურთის თამაშისას, კოჭი დაიზიანა, ოპერაცია გაიკეთა და სასწავლებლად საქართველოში დაბრუნდა. მადრიდში დედაჩემი ყოველთვის ჩემთანაა.
– სხვა ქვეყნებისგან თუ გქონიათ მოქალაქეობის მიღების შეთავაზება?
– დიახ, რიოს თამაშების შემდეგ, როცა მორიგი ოლიმპიური ციკლი დაიწყო, თურქეთმა შემომთავაზა მოქალაქეობის შეცვლა. ძალიან ბევრ ფულს მთავაზობდნენ, უზომოდ ბევრს. ფული მჭირდებოდა, მაგრამ მოვიქეცი ისე, როგორც ამას სამართლიანობა და ჩემი პატიოსნება მოითხოვდა. გარდა ამისა, ესპანეთს ძალიან მივეჩვიე და ვამაყობ იმით, რომ ამ ქვეყნის სახელით გამოვდივარ. თავდაპირველად, გამიჭირდა, რადგან ეროვნების შეცვლისას, თავს ისე კარგად ვერ ვგრძნობდი.
– თქვენ მოუტანეთ ესპანეთს პირველი ოქრო ძიუდოში. თქვენ რა მოგცათ ესპანეთმა?
– ყველაფერი. რომ არა ესპანეთი, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გავხდებოდი. საქართველოში ძიუდო მაღალ დონეზეა, მაგრამ სწორედ აქ ვისწავლე ყველაზე მეტი.
– როგორ შეიძლება ამ მედალმა გავლენა იქონიოს ესპანურ ძიუდოზე?
– ეს უნდა იყოს მოტივაცია ნებისმიერი ესპანელისთვის, რომელიც ძიუდოს მისდევს. ეს ყველას დაეხმარება. ესპანეთს სჭირდებოდა ეს მედალი. მან ის დაიმსახურა.
– გყოლიათ მისაბაძი სპორტსმენები?
– ძიუდოში ასეთები არიან – ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური, რომელმაც 2004 წელს, ათენში ოქროს მედალი მოიპოვა. სწორედ იმ წელს დავიწყე ძიუდოში ვარჯიში. როცა ის პოდიუმზე დავინახე, მახსოვს, ასეთი რამ გავიფიქრე: “რა საოცარია, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხდები!” ძიუდოს მიღმა, ესპანეთში ბევრი კერპია – კასილიასი, ნადალი… ისინი მისაბაძები არიან სპორტული თვისებებითაც და ადამიანობითაც.
– როგორ ფიქრობთ, შეძლებთ იგივე გრძნობა განიცადოთ 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე?
– წინ დიდი სამუშაოა, მაგრამ ამ მომენტში, მართლაც ვხედავ საკუთარ თავს იქ, ოლიმპიური თამაშების პოდიუმის მწვერვალზე.