ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის საკითხი დააყენა, პასუხი იყო, რომ გადაწყვეტილება საქართველოში სასამართლომ უნდა მიიღოს
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით დააყენა საკითხი.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამაზე ზბიგნევ რაუს პასუხი იყო, რომ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოში სასამართლომ.
„შეხვედრაზე ეს საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დააყენა, რაზეც პასუხი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოში სასამართლომ და ეს ყველაფერი ქართული კანონმდებლობით უნდა მოხდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კითხვაზე: „მოხდება თუ არა პოლონეთისთვის, როგორც შუამავლისთვის, სააკაშვილის გადაცემა“, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხზე შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთან, როგორც სამხარაძე ამბობს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისკენ მოუწოდა.
„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიწოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ვიმუშაოთ, რათა საქართველოში, პოლიტიკურ სპექტრში იყოს მეტი ერთიანობა და მეტი კონსოლიდაცია“, – აღნიშნა სამხარაძემ.