ნიკოლოზ სამხარაძემ სვენ მიქსერს მიმართა, დაიწყოს მსჯელობა, რომ ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტებიდან სტალინისტური ტერმინი სამხრეთ ოსეთი ამოიღონ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს მიმართა, ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღონ სტალინისტური ტერმინი სამხრეთ ოსეთი. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის მონაწილეობით მიმდინარეობს.
„ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელიც არის აქ, მინდა, მოგმართოთ, როდესაც ტერმინებზე ვსაუბრობთ, და მე ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებ, ჩვენ, თქვენ და ზოგადად დასავლეთი ებრძვის სტალინისტურ გამოვლინებებს, ხომ და ამის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ ტერმინ სამხრეთ ოსეთს. უფრო სწორად, თქვენ იყენებთ ყველა დოკუმენტში ტერმინ სამხრეთ ოსეთს, რომელიც ასევე არის სტალინისტური ტერმინი და შეიქმნა 1922 წელს, მანამდე ასეთი რამ არ არსებობდა. მით უმეტეს, სამხრეთ ოსეთს, ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. ამიტომ ჩემი თხოვნა, მოწოდებაა, ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ეს ტერმინი საერთოდ ამოვიღოთ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. მით უმეტეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სტანილისტური ტერმინი და მგონი, არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროკავშირი ან თუნდაც ჩვენი ნებისმიერი სხვა პარტნიორი სახელმწიფო სწორედ ამ სტალინის დროინდელ დასახელებას იყენებს. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ამაზე ვიფიქროთ. თუ რამე ოფიციალური მომართვა ჩვენგან არის საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.