ნიკოლოზ სამხარაძემ სინგაპურისა და მალაიზიის კვლევით ცენტრებში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით მალაიზიასა და სინგაპურში იმყოფებოდა, სადაც წამყვან კვლევით ორგანიზაციებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ მისი მოხსენების მოსმენა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე სინგაპურის საერთაშორისო სწავლებების სკოლისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს და მკვლევარებს ეწვია. ასევე, გამართა საჯარო ლექცია მალაიზიის უნივერსიტეტის ევროპა-აზიის ინსტიტუტში.
„ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკაზე. ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
განხილვის თემებს წარმოადგენდა რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები და დიდი სახელმწიფოების გავლენები, აგრეთვე სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოების საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.