ნიკოლოზ სამხარაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ტოკიოს გეო-ეკონომიკის ინსტიტუტში სემინარი ჩაატარა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტოკიოს გეო-ეკონომიკის ინსტიტუტში შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა.
იაპონიის ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო-კვლევით ორგანიზაციაში გამართულ სემინარზე მან შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზები მიმოიხილა.
„სემინარზე ყურადღება გავამახვილეთ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე და საქართველოს სამშვიდობო როლზე ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ნატო-სა და ევროკავშირის ჩართულობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და, ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მოხსენების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სემინარში მონაწილეობდნენ იაპონელი პროფესორები, მკვლევარები და ჟურნალისტები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.