ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ში ცხრა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ში კანადის, ესტონეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენლებს, ასევე, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებისას განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ეუთო-ს 2024 წლის დღის წესრიგი წარმოადგენდა.
მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები და გამოწვევები, ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მიაწოდა ინფორმაცია.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს ეუთო-ს, როგორც ნეიტრალური და ობიექტური დამკვირვებლის მნიშვნელოვან როლს ამ არჩევნებში.
ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი.