ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა
ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

ნიკოლოზ სამხარაძემ, დელეგაციის წარმომადგენლებს როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო.

„ვეწვიეთ საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მათ მოისმინეს იმ გეგმების  შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციას ამ რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით აქვს და გაეცნენ მძიმე ვითარებას, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველები იმყოფებიან.  ეს ეხება როგორც გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ასევე იმ მოსახლეობის უკან, სახლებში დაბრუნების უფლების აკრძალვას, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში დაკარგეს. ეს ყველაფერი კომიტეტის ანგარიშში აისახება და საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მოხვდება. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ვითარების გარკვევაა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მისიამ არსებული ვითარების შესახებ ადგილზე მიიღო ინფორმაცია.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თვალით გვენახა, რა სიტუაციაა ადგილზე. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია როგორც არსებული ვითარების, ასევე მოსახლეობისთვის დაწესებული გადაადგილების უფლების შეზღუდვის შესახებ“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფარა კარიმიმ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები საქართველოს პარლამენტში გუშინ გაიმართა. დღეს კი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდნენ.