ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინთან და სენატორ პიტ რიკეტსთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინთან და სენატორ პიტ რიკეტსთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯინ შაჰინს და სენატორ პირ რიკეტს შეხვდნენ.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს და წინასაარჩევნო გარემოს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოთხოვნებს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში აშშ-ის ჩართულობის გაზრდაზე, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე. საუბარი აგრეთვე შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერება ორივე მხარის ინტერესშია და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.