ნიკოლოზ სამხარაძე - ვინც ამბობს, რომ საქართველოს საკითხი რადარებიდან გამქრალია, სიტყვა „გამქრალის“ მნიშვნელობა არ იცის
პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საკითხი რადარებიდან გამქრალია, სიტყვა „გამქრალის“ მნიშვნელობა არ იცის.
„ვინც ამბობს, რომ საქართველოს საკითხი რადარებიდან გამქრალია, სიტყვა „გამქრალის“ მნიშვნელობა არ იცის. როცა საქართველოს საკითხი ორ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში ხვდება, საიდანაც ერთი ეხება ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებს, ხოლო მეორე ევროკავშირ-ამერიკის ურთიერთობას და საქართველოზე ცალკე პარაგრაფებია ჩაწერილი, რანაირად შეიძლება, ეს იყოს რადარებიდან გაქრობა, ჩემთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა სამხარაძემ.
კითხვაზე, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე რატომ არ იყო საქართველო ნახსენები, სამხარაძემ უპასუხა: „რა იცით, რომ არ იყო, იქ იყავით?“.
„ეს შეხვედრა ოთხსაათ-ნახევარი მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეგიონული კონფლიქტები. რეგიონულ კონფლიქტებში საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, როცა რეგიონულ კონფლიქტებზე არის საუბარი. რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, ამაზე საუბარი ნაადრევია, საჭიროა, ეს ყველაფერი დინამიკაში დავინახოთ. ორივე მხარემ განაცხადა, რომ მზად არიან, ურთიერთობები კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართონ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება, ამან დადებითი შედეგი მოიტანოს საქართველოსთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.