ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ახალი ევროკომისიის პირობებში არსებულ შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევებს დაეთმო.

გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებაში, ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური ფაქტორების გამოკვეთაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების მნიშვნელობასა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე.

„დღეს როგორც საქართველო, ასევე მთელი ევროპა დგას არაერთი გამოწვევის წინაშე. ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები ზიანს აყენებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებას. სწორედ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად საუკეთესო გამოსავალია როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის გაფართოება საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით. ეს მოცემულობა მოახდენს შავი ზღვის რეგიონის ერთიანი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევას, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ეს როგორც ევროპის, ასევე საქართველოს ინტერესებშია. ამიტომ ევროკავშირმა და ახალმა ევროკომისიამ უნდა იმოქმედოს სწორედ ამ გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და მოამზადოს ევროკავშირი შიდა რეფორმების გზით შემდგომი გაფართოებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ყოველწლიურ ფორუმს წარმოადგენს, რომელშიც მაღალი რანგის პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და მკვლევრები მონაწილეობენ. ისინი სხვადასხვა ფორმატში განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად ახალ ხედვას აყალიბებენ.