ნიკოლოზ სამხარაძე - ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს, კომპრომისისთვის მზაობა არსებობს
მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის თუმცა, სავარაუდოდ შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.
„დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება იქიდან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე ჩვენი გუნდიდან და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. შეხვედრა იგეგმება და ზუსტად იმისთვის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდეს. ეს შეხვედრა იქნება და პოზიტიური შედეგებით დასრულდება. „ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ოპონენტები რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. რაც შეეხება კომპრომისს, ამისთვის მზაობა არის და ყველამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი. მოლაპარაკებებში ზოგადი წინსვლა არის. ის, რომ საჯაროდ არ ცხადდება მოლაპარაკების დეტალები, ეს არის მოლაპარაკების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა სამხარაძემ.