ნიკოლოზ სამხარაძე - ტრაგედიაა, როცა პოლიტიკოსი საკუთარ საზოგადოებაზე ამბობს, რომ ისინი სულით მახინჯები არიან, ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ტრაგედიაა, როცა პოლიტიკოსი საკუთარ საზოგადოებაზე ამბობს, რომ ისინი სულით მახინჯები არიან.
ნიკოლოზ სამხარაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავსი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის.
„ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, მეტსაც ვიტყვი, ტრაგედიაა, როდესაც საქართველოში პოლიტიკოსი საკუთარ საზოგადოებაზე ამბობს, რომ ისინი არიან სულით მახინჯები ან ავადმყოფები. ეს არის დაუშვებელი და ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შექმნილ კრიზისში პასუხისმგებლობის თანაბარი წილი აქვს ყველას, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“.
„ობიექტურად ვთქვათ, რომ ამ უმძიმეს სიტუაციაში, კრიზისში პასუხისმგებლობის თანაბარი წილი აქვს ყველას, ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს…ხალხს კი არ ვეჩხუბებით, სიმართლეს ვეუბნებით, რომ მახინჯი ხარ სულიერად და ჩაიხედე საკუთარ სულში, მეორედ აღარ მიქარო ეს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.