ნიკოლოზ სამხარაძე - სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადგენილი, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის დადგენილი, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების არაერთი ფუნდამენტური უფლება დაარღვია.
„დადასტურებულია ის, რომ რუსეთი დღემდე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, რომ თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ეს არის სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს. თითოეულ საჯარო მოხელეს, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მადლობას ვუხდი იმისთვის, რა შრომაც გასწიეს ამ წლების განმალობაში, რათა ეს შედეგი დამდგარიყო“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.