ნიკოლოზ სამხარაძე - სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა ევროპულ ინტეგრაციაზე, ვისაუბრეთ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს ამ მიმართულებით
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართული დლეგაციის სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველო დგამს ამ მიმართულებით.
„გვქონდა შეხვედრა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. მოგეხსენებათ, სლოვენია დღეს არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, აქედან გამომდინარე, შეხვედრისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს ამ მიმართულებით. სლოვენია არის ერთ-ერთი ყევლაზე ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, აქედან გამომდინარე საუბარი იყო ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის გაძლიერებაზე, მის რეფორმირებაზე, რათა საქართველოს ჰქონდეს უფრო მეტი ინსტრუმენტი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
ასევე, საუბარი იყო დასავლეთ ბალკანეთის გაფართოებასა და იმ პრობლემებზე, რომელსაც დღეს აწყდებიან ეს ქვეყნები გაფართოების პროცესში. შესაბამისად, როგორ შეიძლება, საქართველომ ისწავლოს ამ პროცესისგან. სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ სლოვენია გაუზიარებს საქართველოს თავის ცოდნასა და გამოცდილებას ამ მიმართულებით, ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ სლოვენიის საპარლამენტო დელეგაცია უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ავსტრიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.