საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებული ურთიერთობები, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების გზები.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს. შეხვედრისას საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარებისა და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ასევე, ზოგადად, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.