ნიკოლოზ სამხარაძე - სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების წინ წამოწევაა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სკანდინავიის ქვეყნებში შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების წინ წამოწევაა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა.
„სკანდინავიის ოთხ ქვეყანაში ვიზიტი დღეს იწყება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით იმართება. რა თქმა უნდა, ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანაა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების წინ წამოწევა. ეს ვიზიტი ოსლოდან იწყება. დღის განმავლობაში გვექნება შეხვედრები ნორვეგიის მონარქთან, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ ქვეყანაში მთავარი ამოცანაა, ნატო-ს სამიტისთვის ნორვეგიის მხარდაჭერის მოპოვება, რომ მადრიდის საბოლოო კომუნიკეში იყოს უფრო მკაფიო სიგნალი საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით და ასევე გაწერილი გეგმა, თუ როგორ უახლოვდება საქართველო ნატო-ს წევრობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძის ცნობით, დანიაში, შვედეთსა და ფინეთში ძირითადი განსახილველი საკითხები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მისივე განცხადებით. ამ სამ ქვეყანას პროცესში დიდი როლი აქვს და სურთ, ევროკავშირში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველომ მათი მხარდაჭერა მოიპოვოს.
„რაც შეეხება დანიას, შვედეთსა და ფინეთს, ამ ქვეყნებში ძირითადი საკითხი იქნება კანდიდატის სტატუსი. სამივე ქვეყანას ძალიან დიდი როლი აქვს პროცესში და ჩვენი ამოცანაა, ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერა მოვიპოვოთ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხში. ჩვენ უნდა ავუხსნათ ის მდგომარეობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ვუთხრათ, რამდენად დიდია მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების ევროპული ინტეგრაციის მიმართ და ასევე ვუთხრათ, თუ რა სიგნალს ელოდება ჩვენი საზოგადოება და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული მოსკოვის მხრიდან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი უშუალო კონტაქტები. დანიაში, შვედეთსა და ფინეთში შეხვედრები იქნება მაღალ დონეზე, მათ შორის მონარქებთან, პრემიერ-მინისტრებთან, ჩვენს კოლეგებთან პარლამენტებში. ამ ვიზიტის ამოცანაა, ამ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.