ნიკოლოზ სამხარაძე - სიკორსკის განცხადებას აქვს ორი მხარე, მას არ უთქვამს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არის, პრეზიდენტი არ იყენებს შესაძლებლობას ან სააკაშვილი უკანონოდ ზის ციხეში
რადოსლავ სიკორსკის განცხადებას აქვს ორი მხარე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ყველას, მათ შორის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, პირადმა ურთიერთობამ არ გადაწონოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.
„ერთი მხარე არის პირადი ურთიერთობები და ამ შემთხვევაში შემიძლია, გავიგო პირადი ურთიერთობებისა და მეგობრობის, რომელიც შეიძლება, არსებობს. მაგრამ მეორე მხარე არის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რომ ამ შემთხვევაში პირადმა ურთიერთობამ არ უნდა გადაწონოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები“, – აღნიშნა სამხარაძემ.
მისივე თქმით, იმავე განცხადებაში სიკორსკის ნათქვამი აქვს, რომ პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და უბრალოდ სთხოვს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა.
„მას არ უთქვამს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არის, ან პრეზიდენტი არ იყენებს თავის შესაძლებლობას, რომელიც აქვს, ან სააკაშვილი უკანონოდ ზის ციხეში. ასეთი განცხადებები სიკორსკისგან არ ყოფილა. მე არ მითქვამს, რომ მეგობრობამ გადაწონა სახელმიწოფოთაშორისი ურთიერთობები. მე მოვუწოდებ, რომ მომავალში არ გადაწონოს. ერთია პირადი ურთიერთობები, პირადი მეგობრობა, მეორეა სახელმწიფოთა ურთიერთობები“, – განაცხადა სამხარაძემ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.