ნიკოლოზ სამხარაძე - საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
„ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ბოლშევიკური ტროიკა ამბობენ, რომ საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს სტატუსი, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცვლიან საკუთარ ფირფიტას და ამბობენ, რომ საქართველო თურმე იმსახურებს სტატუსს და ამ სტატუსს იმსახურებს იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში. თუმცა, არის დარჩენილი კიდევ მეორე ნაწილი, რომელიც რადიკალურ ფრთას მიეკუთვნება, „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. ბოლშევიკური ტროიკა, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი. ამ ე.წ. ვაი პატრიოტების სახელები ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს. მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ შეხვედრაზე იყო, სადაც ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. ვთხოვთ ბატონ მამუკას და ასევე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და დაასახელონ ის ადამიანები, ვინც ამბობდნენ შეხვედრებზე, რომ საქართველომ სტატუსი არ უნდა მიიღოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.