ნიკოლოზ სამხარაძე - სასამართლო რეფორმა არა სასესხო ხელშეკრულების, არამედ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო
ნიკოლოზ სამხარაძე - სასამართლო რეფორმა არა სასესხო ხელშეკრულების, არამედ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, 2020 წელს საქართველო- -ევროკავშირს შორის გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში ჩაწერილი კრიტერიუმების უდიდესი ნაწილი შესრულებულია, მათ შორის ის ნაწილები, რაც სასამართლო კანონმდებლობას ეხებოდა.

„კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ თითქოს, საქართველომ 22 სექტემბერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების კრიტერიუმები არ შეასრულა. მომზადებული გვაქვს შესრულების დოკუმენტი, სადაც ცხადად გვაქვს გაწერილი, თუ რა იყო ის მოთხოვნები, რომელიც სესხის ხელშეკრულებაშია ჩამოთვლილი. ეს არის 2020 წლის ხელშეკრულება და ყველა ამ პუნქტებთან დაკავშირებით გაცემულია პასუხი – თითქმის ყველა პუნქტი შესრულებულია, ერთადერთი რისი შესრულებაც ვერ მოხერხდა, ეს არის შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ბოლომდე მიყვანა, თუმცა როგორც მთავრობაში ამბობენ, ამ პუნქტსაც წლის ბოლომდე შეასრულებენ. შემიძლია, მოსახლეობას განვუმარტო, რომ სასესხო ხელშეკრულებაში ჩაწერილი კრიტერიუმების უდიდესი ნაწილი შესრულებულია, მათ შორის ის ნაწილები, რომელიც სასამართლო კანონმდებლობას ეხებოდა. თუ კითხვები იმაზე ჩნდება, რომ საქართველომ არ შეასრულა სასესხო ხელშეკრულებით დადგენილი კრიტერიუმები, ამაზე პასუხი ნათელია. თუ ჯიმ რიშს ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ჩვენ ამ კითხვებს ძალიან მარტივად ვუპასუხებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა არა სასესხო ხელშეკრულების, არამედ შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია და რეფორმის დასასრულებლად დრო 2022 წლის ზაფხულამდეა გაწერილი .

„რაც შეეხება დიდ სასამართლო რეფორმას, რომელიც არ არის სასესხო ხელშეკრულების ნაწილი, არამედ იყო შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი. გაგახსენებთ, რომ ამ რეფორმის დასასრულებლად დრო 2022 წლის ზაფხულამდეა გაწერილი. შესაბამისად, ამ რეფორმას ვადა ჯერ კიდევ აქვს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაზემ.