ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოსთვის ფაქტობრივად გარანტიის მიცემაა ოლაფ შოლცის განცხადება, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი დაუდგება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული პარნტიორი ქვეყანა და ევროკავშირში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია.
სამხარაძის თქმით, იმედისმომცემია განცხადებები, რომლებიც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
„განსაკუთრებით, კანცლერის მხრიდან დადასტურება იმისა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებს, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას წინ არაფერი დაუდგება, მნიშვნელოვანი განცხადებაა და ფაქტობრივად გარანტიის მიცემაა საქართველოსთვის. ფაქტობრივად, კანცლერმა იგივე გაიმეორა, რაც მანამდე ბორელმა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების ამოცანა, ეს არის ოპოზიციის ამოცანაც, რომ ისინი ბოლომდე უნდა ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში და ოპოზიციის მხრიდან ყველა სხვა ნაბიჯი ჩაითვლება ევროპული პერსპექტივის საბოტაჟად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.