ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მსოფლიო დღის წესრიგში, ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა ვენაში გამართულ ყველა შეხვედრაზე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვენაში პარლამენტის თავმჯდომარეების მეხუთე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები დაასრულა.
ბოლო შეხვედრა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მსოფლიო დღის წესრიგში და ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა ყველა შეხვედრაზე.
„ასეთი ტიპის ფორუმები მნიშვნელოვანია, რათა ჩვემნ დავამყაროთ საპარლამენტო ურთიერთობები. საპარლამენტო დიპლომატია, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ნაწილია ზოგადად ქვეყნის დიპლომატიის, შესაბამისად, როდესაც მთელი მსოფლიოს პარლამენტის თავმჯდომარეები იკრიბებიან, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ საქართველოს პრობლემატიკაზე ვესაუბროთ მათ, ვესაუბროთ ჩვენს გეგმებსა და გამოწვევებზე, ასევე რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი იყო, ჩვენ რამდენიმე ისეთ ქვეყანას შევხვდით, ვისთანაც საპარლამენტო დონეზე ურთიერთობები არ გვქონდა აქამდე. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სადაც ნულიდან ვიწყებთ საპარლამენტო ურთიერთობებს, შემდგომში უფრო მეტი ბიძგი მივცეთ, ხოლო ჩვენს ძველ პარტნიორებთან კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს როგორც კონტინენტზე, ასევე მსოფლიო დღის წესრიგში, ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა ყველა შეხვედრაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღის ბოლოს კონფერენციაზე შეკრებილ 110-ზე მეტ სპიკერს გერმანიის ფედერალური კანცლერი სებასტიან კრუცი უმასპინძლებს, ხვალ კი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ვიზიტის ბოლო შეხვედრას ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ვოლფგანგ სობოტკასთან გამართავენ.