ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედიანად არის განწყობილი და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებაც ამაზე მიუთითებს.
„ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი და ოლივერ ვარჰეის განცხადებაც ამაზე მიანიშნებს. სჯობს, დაველოდოთ ჯერ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და შემდეგ ევროსაბჭოს სამიტს, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება. იქ საბოლოოდ დადასტურდება ჩვენი იმედი და პოზიტიური განწყობა. რეფორმები, რომლებიც საქართველომ გაატარა, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული, საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და მიიღებს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“.