საქართველო იყო რუსეთის აგრესიის პირველი მსხვერპლი. ჩვენ ვეუბნებოდით პარტნიორებს დასავლეთში, რომ რუსეთი არ გაჩერდებოდა, სამწუხაროდ, მართალი ვიყავით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ურუგვაიში ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სტატუს კვოს თვალსაზრისით, საქართველოსთვის დრამატული ცვლილება არ მომხდარა.
„ჩვენ ვიყავით რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი და ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი ომი გვქონდა, მისი პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით. ჩვენ ვეუბნებოდით პარტნიორებს დასავლეთში, განსაკუთრებით ევროკავშირსა და აშშ-ში, რომ რუსეთი არ გაჩერდებოდა, საქართველო არ იქნებოდა ბოლო ქვეყანა, რომელსაც იგი თავს დაესხმებოდა. სამწუხაროდ, მართალი ვიყავით. რუსეთმა ისევ განახორციელა აგრესია, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვკვირვებია. რუსეთმა უკრაინაში ზუსტად იმავე სცენარით იხელმძღვანელა, რითაც საქართველოში. სტატუს კვოს თვალსაზრისით, ჩვენთვის დრამატული ცვლილება არ ყოფილა, შესაძლოა, ერთი გამონაკლისი იყოს: საქართველოს პარტნიორებს დასავლეთში, ევროკავშირსა და ნატო-ში უკეთ ესმით ჩვენი წუხილი და ახლა ესმით, რომ საქართველოში უსაფრთხოების გარეშე არ არის უსაფრთხოება შავ ზღვაზე, და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარეშე არაა უსაფრთხოება ევროპაში. დასავლეთში სჯეროდათ, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გამო რუსეთი დაფიქრდებოდა, ვიდრე მეზობელზე თავდასხმას გადაწყვეტდა, მაგრამ ეს, ერთი მხრივ, ალბათ უფრო მათი სურვილი იყო, მეორე მხრივ კი, ეს იყო ერთგვარი მიამიტობა დასავლეთის მხრიდან. თუ გადახედავთ რუსეთის ისტორიას საუკუნეების განმავლობაში, ნახავთ, რომ არც ისეთი იოლია, რუსები მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით შეაკავო. საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დაუჭირა მხარი. ჩვენ ხმა მივეცით რუსეთის გარიცხვას ევროპის საბჭოდან. საქართველოში მივიღეთ 30 000-ზე მეტი უკრაინელი, რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო ჯანდაცვით, საცხოვრებლითა და ტრანსპორტით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სკოლები უკრაინულ ენაზე გაიხსნა. პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაქსიმალურად დავუჭირეთ მხარი უკრაინას და მხარს ვუჭერთ მის ბრძოლას სუვერენიტეტისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკოლოზ სამხარაძემ გამოცემასთან ასევე ისაუბრა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ვილნიუსის სამიტზე რაიმე წინსვლას არ ველოდით. არ ვიტყოდი, რომ სამიტის შემდეგ უფრო შორს ვართ-მეთქი, მაგრამ არც უფრო ახლოს ვართ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველო მოწინავე ქვეყანაა. ყველა ინსტრუმენტი გვაქვს გაწევრიანებისათვის. ჩვენი შეიარაღებული ძალების 85%-ზე მეტი მსახურობდა ნატო-ს სხვადასხვა მისიაში ავღანეთში, ერაყში თუ სხვაგან. საქართველოს ნატო-სთან თავსებადობა ეჭვგარეშეა. ველოდებით ნატო-ს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საქართველო და უკრაინა ადრე რომ მიეღოთ ნატო-ში, ამ ორი ქვეყნიდან არცერთ ქვეყანაში ომი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა კონფლიქტების გამო წევრები არ ვართ. ჩვენ ორლესულ ხმალზე ვართ: ერთი მხრივ, გვინდა წევრობა, მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს ხელის შეშლას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კითხვაზე, ეშინიათ თუ არა საქართველოში ომის, თუ ალიანსს შეუერთდებით, სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ნატო მკაფიო არჩევანია.
„ისედაც ომში ვართ, ერთგვარ გაყინულ ომში. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, არის ჟენევის მოლაპარაკებები, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს. უკრაინა ომის „ცხელ ფაზას“ გადის, მაგრამ რუსეთთან ორივენი კონფლიქტში ვართ. ისევ შემოიჭრებიან თუ არა ისინი საქართველოში? არის ამის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ, ნატო-ს გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს, არ გვაქვს ალტერნატივა. დღევანდელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შეუძლებელია ნეიტრალური იყო: ამა თუ იმ ალიანსს უნდა ეკუთვნოდე. ჩვენთვის ნატო მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენი ხალხის 85%-ს სურს, იყოს ალიანსისა და ევროკავშირის წევრი; ახალ თაობას, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ადამიანებს, რომლებიც შეიძლება, საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველო ყველაზე ნაკლებად იყო საბჭოთა ქვეყანა. მე თავად ვარ ოჯახიდან, რომელიც რეპრესირებული იყო (იოსებ) სტალინის რეჟიმის მიერ. დიდი ბაბუა 1937 წელს დახვრიტეს, ბებია გააციმბირეს, მაგრამ ეს არაა მხოლოდ ჩემი ოჯახის ისტორია; ქართველთა უმრავლესობას ასეთი გამოცდილება ჰქონდა ბოლშევიკებთან და კომუნისტებთან. ჩვენ არასდროს გვინდოდა, საბჭოთა კავშირის ნაწილი ვყოფილიყავით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ცხადია, როცა სსრკ-ში 70 წელი ცხოვრობ, გარკვეული კვალი რჩება, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ მემკვიდრეობისგან მეტწილად გავთავისუფლდით. ჩვენი შვილების თაობას მასთან საერთო აღარაფერი აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ურუგვაიში ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოსა და ურუგვაის შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის ჩათვლით.
„წლების განმავლობაში შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვქონდა, მაგრამ ვფიქრობთ, გაუმჯობესება შეიძლება. არსებობს პოტენციალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა, განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთგაცვლებისა. ამ კუთხით ვმუშაობთ პროექტებზე. ეს ისტორიული ვიზიტიცაა, რადგან ესაა საქართველოს პარლამენტის წევრის პირველი ვიზიტი ურუგვაიში“, – განაცხადა სამხარაძემ.
სამხარაძის განცხადებით, ურუგვაისთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გასაფორმებლად საქართველოს მხრიდან მზადყოფნაა.
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკასთან. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ისრაელთან, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან. ურუგვაის რაც შეეხება, არის ამის ნება, ასე გაგვიმჟღავნეს. მოხარული ვიქნებით ამაზე მუშაობით. მესმის, რომ არის მერკოსურის საკითხიც და მასთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა საქართველოს მხრიდან მზადყოფნა არსებობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.