ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველო ღიაა ევროპელ პარტნიორებთან დისკუსიისთვის, მზადაა შემოთავაზებებისთვის, რაც კანონს ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანს
ამ კანონებს შორის არანაირი მსგავსება არ არის. პირიქით, რუსულ კანონს აქვს მკაცრი წესები, რომლებიც ინდივიდუალურ პირებს კრიმინალურ ბრალდებებს უწესებს, ხურავს და აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, უკრძალავს ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ეს არის რუსული კანონი. მე ახლა აღვწერ რუსულ კანონს. ქართულ კანონს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, რომ მათ წელიწადში ერთხელ მოახდინონ მიღებული და დახარჯული თანხების დეკლარირება. სულ ეს არის. მეტი სხვა მოთხოვნა არ არსებობს, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
სამხარაძის თქმით, საქართველო ღიაა დისკუსიისთვის ევროპელ პარტნიორებთან და ასევე მზადაა იმ შემოთავაზებებისთვის, რომლებსაც ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ, რაც ამ კანონს შესაბამისობაში მოიყვანს ევროპულ დირექტივებთან. მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამჭვირვალობის მოთხოვნას არანაირი საერთო არ აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ძალიან გვაშფოთებს ის, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმას და, ფაქტობრივად, ჩვენ ვიყავით მონაწილე მხარე სახელმწიფოთა იმ ჯგუფისა, რომელმაც მიმართა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს, რომ ამ უკანასკნელმა გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ის დანაშაულები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, მაგრამ, იმავდროულად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმას, რომ ჩვენ მოვითხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამჭვირვალობას, არანაირი საერთო არ აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან. ეს არაფერ კავშირშია საგარეო პოლიტიკასთან. ეს ეხება იმას, რომ ჩვენ გვქონდეს სრული სურათი და სრული ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისათვის, თუ როგორ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებულნი, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი. შეიძლება, ისინი რუსეთიდან ფინანსდებიან, შეიძლება, სხვა ქვეყნებიდან ფინანსდებიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.