ნიკოლოზ სამხარაძე - საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას ვიყენებთ, რათა შევხვდეთ ქვეყნებს, რომლებთანაც საელჩოები არ გვაქვს და სადაც შეიძლება, რუსეთი მუშაობდეს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სიერა-ლეონესა და კოტ დ’ივუარის პარლამენტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა.
სამხარაძის თქმით, ორივე ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„უკვე გაიმართა ორი შეხვედრთა სიერა-ლეონესა და კოტ დ’ივუარის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ მათ გავაცანით ამ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა და რუსეთის აგრესიის შედეგები. ორივე ქვეყანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში სრული მხარდაჭერა აღგვითქვა. ასევე, განხილული იყო ის ზეგავლენა, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას აქვს აფრიკის კონტინენტზე და ამ შედეგებზეც ვისაუბრეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ის მძიმე გამოცდილება და შედეგები, რომელიც ამ აგრესიამ მოიტანა.
ზოგადად, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეას ვიყენებთ, რათა შევხვდეთ იმ ქვეყნებს, ვისთანაც საელჩოები არ გვაქვს, რომლებიც საქართველოსგან შორს არიან და სადაც შეიძლება, რუსეთი მუშაობდეს იმისთვის, რომ ამ ქვეყნებისგან მიიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის განმარტებით, დღეს დაგეგმილია 15-მდე შეხვედრა აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან.
„იმედი გვაქვს, წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ამდენი წელია, ვახორციელებთ, წარმატებული იქნება ისე, რომ რუსეთის ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, არც ერთი სხვა ქვეყანა სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთან, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, „გირჩის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. რაქვიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე უნდა ესაუბრონ.
„საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეია მნიშვნელოვანია იმით, რომ შეიძლება, შეხვდე ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს, ვისთანაც არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არ გვაქვს საელჩო. მნიშვნელოვანია, ასეთი სამიტი გამოვიყენოთ და გავაგებინოთ, რომ საქართველოს მათი მხარდაჭერა სჭირდება, მათ შორის გაერო-ში, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიდის საუბარი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.