ნიკოლოზ სამხარაძე - სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი საქართველოს მტრად გადაიქცა, თუ წაიკითხავს რეზოლუციებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი, ალბათ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს
სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი საქართველოს სახელმწიფოს მტრად გადაიქცა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის“.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, პოდოლიაკის ასეთი განცხადებებით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული.
„არ ვიცი, პოდოლიაკი რამდენად ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებში. მგონი, ამ სფეროში საერთოდ ვერ ერკვევა, მაგრამ მოვუწოდებდი, ჩაიხედოს რეზოლუციებში, რომლებიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი უკრაინის მიმართ და შემდგომში, თუ გაერკვევა, წაიკითხავს ამ რეზოლუციებს, ალბათ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს.
ძალიან სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად. მას თუ ჰგონია, რომ განცხადებებით მხოლოდ ხელისუფლებას აზიანებს და რაღაც პარტიულ ინტერესს ატარებს, ძალიან ცდება, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. ის ამას პირველად არ აკეთებს. უკვე დარწმუნებული ვარ, ამას შეგნებულად აკეთებს, რაც პირდაპირ საქართველოს მტრობაა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.