ნიკოლოზ სამხარაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა წერტილი დაუსვა იმ აღვირახსნილ მოღალატეობრივ კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა, სადაც შავით თეთრზე ძალიან მოკლედ და ლაკონურად წერია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიდან მთლიანად ფინანსური სისტემა არის ისე აწყობილი, რომ აქ რუსეთი ვერ შეძლებს სანქციების თავიდან არიდებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თვეების მანძილზე საქართველო იყო დეზინფორმაციის მსხვერპლი და არამხოლოდ ჩვენი ოპოზიციური პარტიების, საქართველოს შიგნით, არამედ გარკვეული ევროპარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსებიც, თუნდაც ყოფილი დიპლომატები ამბობდნენ, რომ საქართველოს რუსეთი იყენებს, როგორც შავ ხვრელს, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი შიდა ოპონენტების მხრიდან ეს იყო პირდაპირ ქვეყნის ღალატი, როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას აბრალებ ასეთ რამეს.
სანქციების კოორდინატორების ვიზიტმა ამ ყალბ კამპანიას დიდი წერტილი დაუსვა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გააქარწყლა ეს ყველაფერი სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა, სადაც შავით თეთრზე ძალიან მოკლედ და ლაკონურად წერია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკიდან მთლიანად ფინანსური სისტემა არის ისე აწყობილი, რომ აქ რუსეთი ვერ შეძლებს სანქციების თავიდან არიდებას და ამ მხრივ, სხვათა შორის, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის მსოფლიოში“,- აღნიშნა სამხარაძემ.
მისივე თქმით, დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა.
„ასევე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო ბიზნეს წარმოებისთვის და ეკონომიკური მდგრადობის მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანათა რიცხვში შედის. რა თქმა უნდა, ეს არის აღიარება იმისა, რომ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და ის ფინანსური პოლიტიკა, რომელიც სანქციების გვერდის ავლას უშლის ხელს, დაინახეს პარტნიორებმა ძალიან კარგად და საკმაოდ მსუყე წერტილი დაუსვეს იმ აღვირახსნილ მოღალატეობრივ კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს იმიჯის დასაზიანებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.