ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ მთავრობა ვალდებული იქნება, სამოქმედო გეგმა ამ დოკუმენტთან თანხვედრაში მოიყვანოს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განაცხადებით, კომიტეტებზე განხილვის შემდეგ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს დაემატა ახალი პუნქტი საერთაშორისო დავების შესახებ, რომელსაც საქართველო 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აწარმოებს.
მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტში მოხდა რიგი საკითხების დაზუსტება.
„გარკვეული პუნქტები დაემატა და კონკრეტული მიმართულებები უფრო მკაფიოდ გაიწერა. პროექტი ბიუროს წარედგინება და დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილება. დიდი იმედი მაქვს, პარლამენტი რეზოლუციის პროექტს დღესვე დაამტკიცებს. პუნქტების უმრავლესობაში არის შესული დაზუსტებები. რაც შეეხება ახალ პუნქტს, ახალი პუნქტი გაჩნდა საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველო 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აწარმოებს. ასევე ორად გაიყო ევროკავშირთან დაკავშირებული მუხლი. ცალკე გამოიყო უშუალოდ ევროკავშირთან ურთიერთობები, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ცალკე გამოიყო ასევე ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ევროპის ქვეყნებთან, დიდ და პატარა სახელმწიფოებთანაც, ყველასთან განურჩევლად, ძალიან მეგობრული და ახლო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ცალკე გამოგვეყო ეს პუნქტი, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
საქართველოს პარლამენტი ის ადგილია, სადაც პოლიტიკის მიმართულების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება. მას შემდეგ რაც ეს რეზოლუცია დამტკიცდება, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება, რომ ყველა თავისი სამოქმედო გეგმა სწორედ საგარეო პოლიტიკის ამ რეზოლუციასთან თანხვედრაში მოიყვანოს და ამ რეზოლუციის მიხედვით იმოქმედოს“, – განაცხადა სამხარაძემ.
საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ცალ-ცალკე განიხილა.