ნიკოლოზ სამხარაძე - საფრანგეთში დარწმუნებული არიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საფრანგეთის დედაქალაქში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, გასულ კვირას შედგა.
როგორც სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საფრანგეთში დარწმუნებული არიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
„პარიზში ჩვენ როგორც სენატის თავმჯდომარეს, ასევე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შევხვდით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, სადაც საქართველოსთან მიმართებაში დიდი ინტერესი დაფიქსირდა. საფრანგეთში სრულიად შეცვლილია განწყობა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით და შეხვედრებისას ეს მათ თვითონვე აღიარეს. თუკი თუნდაც ერთი წლის წინ საფრანგეთი საერთოდ არ მოიაზრებდა გაფართოებას ჩვენს რეგიონში, ახლა ისინი დარწმუნებული არიან, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისად, ყველა შეხვედრაზე ჩვენ ურყევი მხარდაჭერა დაგვიდასტურეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი და ყველა ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ მომავალში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ცვლილებაა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ეს არის მომენტი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრებზე განხილულ თემატიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითად საკითხებს იმ საფრთხეებზე საუბარი წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ფრანგ კოლეგებს ის ვითარება გააცნეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი და იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელიც ჰიბრიდულ და დეზინფორმაციულ კამპანიებს უკავშირდება.
„ფრანგი კოლეგების მხრიდან ჩვენს ინფორმაციას ადეკვატური რეაგირება მოყვა. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ის, რომ საქართველო ვერ მოიქცევა ისე, როგორც შეიძლება მოიქცეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ შეფასებაში ისინი სრულად დაგვეთანხმნენ. რაც შეეხება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, ფრანგი კოლეგები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების მიმართულებით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.