ნიკოლოზ სამხარაძე - საფრანგეთს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში
საფრანგეთი არის საქართველოს ძალიან დიდი ხნის პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ასევე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს მოუსმინეს.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოში არაერთ პროექტს ახორციელებს საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ეს პროექტები ძირითადად მიმართულია იმისაკენ, რომ ქვეყანაში შემცირდეს სიღარიბე, გაიზარდოს ეკონომიკური პროგრესი.
„საფრანგეთი სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება საქართველოს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. საფრანგეთი არის ძალიან ერთგული პარტნიორი საქართველოსი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პროცესში. თქვენ იცით, რომ რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან ქვეყანასთან, რომელთანაც საქართველოს არა აქვს მჭიდრო ურთიერთობები, საფრანგეთი აქტიურად გვეხმარება, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მხრიდან. ამ მხრივ ძალიან მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ ელჩსაც. როგორც პარლამენტის, ასევე სახელმწიფოს სახელით, რადგან ეს არის მართლაც ფასდაუდებელი დახმარება, რომელსაც საფრანგეთი ჩვენ აღმოგვიჩენს. გარდა ამისა, საფრანგეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე არის მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა, ასევე ნატო-ში ინტეგრაციისა და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ დღეს, განსაკუთრებით ასეთ კრიტიკულ მომენტში, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით მოვისმინოთ, რა ხედვები არის საფრანგეთის მხრიდან არა მხოლოდ ორმხრივ, საქართველოსთან ურთიერთობაში, არამედ ზოგადად რეგიონულ ჭრილში“, – განაცხადა სამხარაძემ.