ნიკოლოზ სამხარაძე - საერთოდ ვერ ვგრძნობთ სხვაობას „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნასა და არყოფნას შორის
საერთოდ ვერ ვგრძნობთ სხვაობას „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნასა და არყოფნას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის თვითგანადგურების რეჟიმში გადასული და ამ მიზნისკენ საკმაოდ დიდი სიჩქარით მიდიან.
„მათი გულშემატკივარი არ ვარ და მათ ამის შეწყვეტისკენ ვერ მოვუწოდებ. ეს მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება. ოღონდ ეს ოპოზიცია ძლიერი უნდა იყოს პარლამენტში და ძლიერი უნდა იყოს ინტელექტუალურად. არ უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ ქუჩის აქციები ატაროს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას და ქვეყნის იმიჯი დააზიანოს ლობისტური კომპანიების შეკვეთილი სტატიებით. ეს სახელმწიფოს არ წაადგება“, – განაცხადა სამხარაძემ.