ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე ყურადღებას არაღიარების პოლიტიკასა და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე გავამახვილებთ
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, მადრიდში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
დელეგაციის წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და ასამბლეის წევრ სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე გამახვილდება.
„საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა წელიწადში ორჯერ ტარდება. ამ ღონისძიებებს ვიყენებთ, ძირითადად, იმ ქვეყნებთან შესახვედრად, რომლებთანაც შეზღუდული კავშირები გვაქვს. ეს არის, აზიის და აფრიკის სახელმწიფოები. ამ რეგიონის ქვეყნებთან ოცამდე შეხვედრა გვექნება და საუბრის მთავარი თემა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკის გატარება, ჩვენი პრობლემატიკის მათთვის გაცნობა. რიგ ქვეყნებთან, ასევე, სავაჭრო ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, მათ შორის, თავისუფალ ვაჭრობაზე, ასევე, არაბული ქვეყნებიდან ტურისტების უფრო დიდი ნაკადების შემოსვლაზეც“,- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.