ნიკოლოზ სამხარაძე - რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად
ნიკოლოზ სამხარაძე - რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად

რეზოლუციის პროექტით სიგნალს ვუგზავნით არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ საზოგადოებასა და მთავრობას, რომ რეზოლუციის შესაბამისად იმოქმედოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სურთ, ევროკავშირს გააგონონ, რომ ქართველი ხალხი არის მომხრე, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„საკმაოდ დაგეგმილი პოლიტიკა გვქონდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადზე. ეს პოლიტიკა იყო ის, რომ 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 2/3 უნდა შეგვესრულებინა და ამის შემდეგ გაგვეკეთებინა განაცხადი, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო ახლოს ვიქნებოდით ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან. სიტუაცია იქედან გამომდინარე შეიცვალა, რომ უკრაინაში ომისა და რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და ეს არის სოლიდარობის გამომხატველი აქტი, რაც გუშინ ევროპარლამენტმა გააკეთა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მსჯელობას ევროპულ საბჭოში, სადაც არის 27 ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ორგანო. 27-ვე ქვეყანამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი ამ სტატუსის მინიჭებას ან არმინიჭებას.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვნახოთ, რა სურათი შეიქმნება. ილუზია ნურავის ექნება, რომ დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან, ევროკავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, უბრალოდ, ამ გართულებულ ფონზე და რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს სტატუსის მიღების დასაჩქარებლად. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რეზოლუციის პროექტით ამ სიგნალებზეა პასუხი. ევროკავშირს გვინდა გავაგონოთ, რომ ქართველი ხალხი არის მომხრე, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის. ამასთან, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.