ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გეგმაში აქვს როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების საკითხი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია.
სამხარაძის თქმით, ეს მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ.
„ეს გადაწყვეტილება ძირითადად ამ ორ მიზანს ემსახურება. რუსეთმა ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას გეგმაში აქვს როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ხელშეკრულებას 2021 წლის 20 სექტემბერს მოეწერა ხელი და მასში აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა.