ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთი სახეს არ იცვლის, იმავე მეთოდებით ებრძვის უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, როგორც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ
ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთი სახეს არ იცვლის, იმავე მეთოდებით ებრძვის უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, როგორც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ

რუსეთი თავის სახეს არ იცვლის და იმავე მეთოდებით ებრძვის ახლა უკვე უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, როგორც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის სახელით, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორუმზე ამ პოზიციაზე იყო და იქნება.

„მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და მათ მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშად დარღვევას. ვგმობთ ასევე მარიონეტული რეჟიმებისა და მარიონეტული რესპუბლიკების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებას. ეს არის ერთგვარად ქართული სცენარის განმეორება, რომელიც ჩვენ ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, თუმცა სამწუხაროდ რუსეთი თავის სახეს არ იცვლის და 14 წლის შემდეგაც იმავე მეთოდებით ებრძვის ახლა უკვე უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, როგორც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ. ამიტომ, მინდა თქვენი სახელით, არა მარტო ჩემი, არამედ კომიტეტის სახელით, გამოვუცხადო სოლიდარობა ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს მის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა, ასევე განვაცხადო, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჩატარდა და რომელიც მომავალში ჩატარდება, ამ პოზიციაზე იდგება ურყევად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.