ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთი რომ აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოა, ეს ცალსახად დადასტურებული ფაქტია, სახელმწიფო იმავე პოზიციაზე დგას, რა პოზიციაც ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში ეკავა
რუსეთი რომ აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოა, ეს ცალსახად დადასტურებული ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძე განაცხადა.
სამხარაძის თქმით, სახელმწიფო იმავე პოზიციაზე დგას, რა პოზიციაც მას ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში ეკავა.
„ვისაც არ ახსოვს, მინდა, მათ გავახსენო, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში საქართველოს პოზიციებს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იცავდა. შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიცია არ შეცვლილა და სახელმწიფოს პოზიციაა ის, რითაც საერთაშორისო სასამართლოებში გამოდიოდა. რაც შეეხება შერიგების საკითხს, მახსოვს, ოპონენტებს დაახლოებით 12-13 წლის წინ ბოდიშის კამპანია ჰქონდათ. ბოდიშის კამპანია სწორედ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგებას და ორმხრივად შეცდომების აღიარებას ითვალისწინებდა. მაშინ თუ არ იყო მიუღებელი, დღეს რატომ გახდა მიუღებელი? ოპონენტები როდის იყვნენ გულწრფელი, მაშინ, როცა ბოდიშის კამპანია თავად წამოიწყეს თუ დღეს? შეგახსენებთ, რომ შერიგების სამინისტროც კი გვაქვს და არ მახსოვს, ამ სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეთქვა. შერიგებაზე როდესაც არის საუბარი, შერიგება შეცდომების აღიარების გარეშე არ ხდება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომები მხოლოდ ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს, შეცდომა მეორე – ოსურმა მხარემაც უნდა აღიაროს, რაც შერიგების პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა. ბიძინა ივანიშვილის განცხადება ცხინვალში მცხოვრებ ოს თანამოქალაქეებსა და მათთან შერიგებას შეეხებოდა. რუსეთი რომ აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოა, ეს ცალსახად დადასტურებული ფაქტია. სახელმწიფო იმავე პოზიციაზე დგას, რა პოზიციაც მას ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში ეკავა. ჩვენ სიმართლე უნდა დავინახოთ: არის კონფლიქტის ერთი შრე, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის იყო და რომელიც 1990-იანი წლებიდან იწყება; და არის მეორე – დიდი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. ამას არავინ უარყოფს. უბრალოდ, თუ გვინდა, რომ მომავალში დავიბრუნოთ არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიები, არამედ ის ხალხი, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს, მაშინ ნაბიჯები შერიგებისკენ უნდა გადავდგათ, ეს იყო მთელი ამ განცხადების პათოსი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.