ნიკოლოზ სამხარაძე - რუსეთი აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების, უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას
რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობას, – ამის შესახებ ისაუბრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხსა და თანამეგობრობის მხრიდან ჰუმანიტარულ ძალისხმევას ეძღვნებოდა.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ეუთო-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები, წარმოდგენილი იყო ვითარება უკრაინასა და ყარაბახში.
ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების პერმანენტულ დარღვევაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებების დარღვევაზე, რომლებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა, მშობლიურ ქართულ ენაზე მიიღონ განათლება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული კვალის წაშლის მცდელობებზე როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში, რაშიც იგულისხმება ქართველების სახლების გადაწვის ფაქტები და ქართული ეკლესიების გადაკეთება, ქართული ფრესკების გადაღებვისა და წაშლის მცდელობა.
„შეხვედრაზე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ მძიმე დანაშაულებს და როგორმე შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომ ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების ასეთი უხეში დარღვევები ოკუპირებულ რეგიონებში“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.