ნიკოლოზ სამხარაძე - რეზოლუცია გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებით, შეცდომებით, ვიმედოვნებთ, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება სასიკეთო იქნება, ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ
ნიკოლოზ სამხარაძე - რეზოლუცია გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებით, შეცდომებით, ვიმედოვნებთ, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება სასიკეთო იქნება, ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.

როგორც სამხარაძე ამბობს, რეზოლუცია ძალიან ცუდ დროს არის მიღებული, მაშინ, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ორი კვირა რჩება.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, რის გამოც ამ რეზოლუციას გადაწყვეტილების მიღებისას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.

„ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, ძალიან ცუდ დროს მიღებული. მაშინ, როცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ორი კვირა რჩება, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებენ და ხმას აძლევენ, ამ მომენტში ამბობდნენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება. ეს ცალსახად ცუდი რეზოლუციაა, რომელიც გაჯერებულია ფაქტობრივი უზუსტობებით, ასევე შეცდომებით. რა გავლენა ექნება ამას? – როგორც იცით, გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო და მისი 27 ქვეყანა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში რეზოლუციას მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ ექნება ამ გადაწყვეტილებაზე. ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება საქართველოსთვის და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ძალისხმევას არ დაიშურებენ და მომავალ ორ კვირაში ვიზიტები ექნებათ ევროპის დედაქალაქებში.

„ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა ეს საკითხი არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. გადაწყვეტილება ევროპის დედაქალაქებში მიიღება. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე სკანდინავიის ქვეყნებში მიემგზავრება. შემდეგ ვიზიტი გაიმართება გერმანიაში, სადაც ბუნდესტაგის პრეზიდენტთან იქნება შეხვედრა და პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე დაგეგმილი მაქვს ვიზიტი ლატვიაში, მაკა ბოჭორიშვილია ხორვატიაში. საგარეო უწყების ხელმძღვანელები იმყოფებიან ევროპაში. ორი კვირის განმავლობაში ყველა დედაქალაქს დავფარავთ, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, თუ ვერ წარმოადგენენ ვერანაირ დამადასტურებელ ფაქტებს იმისას, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ან პოლიტიკური, ან ბიზნესსკავშირი კრემლთან, მაშინ ეს შეფასდება, როგორც ცილისწამება, ტყუილი და შეტევა როგორც პირადად მასზე, ასევე მის მიერ დაფუძნებულ პარტიაზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.