ნიკოლოზ სამხარაძე - რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ექნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მით უკეთესი იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, იაპონიასთან და კორეის რესპუბლიკასთან საგარეო, ეკონომიკური, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. ამ ტექსტით პარლამენტმა დაავალა მთავრობას, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმუშაოს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველო-ჩინეთთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.
მისი თქმით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ისედაც ჰქონდა ღრმა პარტნიორული ურთიერთობა. მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც გულისხმობდა, რომ ახალ დონეზე აგვეყვანა ეს ურთიერთობა.
„ის, რომ მთავრობას სჭირდებოდა ამის პარლამენტთან შეთანხმება, არის უადგილო, რადგან პარლამენტს მთავრობისთვის ეს პირდაპირ ჰქონდა დავალებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, ჩინეთთან ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას გააჩნია სხვადასხვა, მათ შორის, სტრატეგიული შეთანხმებები.
„ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ეს არის ნიშნავს, რომ ერთადერთი პრიორიტეტია. ჩვენი პრიორიტეტი ასევე არის არაღიარების პოლიტიკა, დეოკუპაცია, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია საქართველოს ინტერესებისთვის და ასევე, სხვადასხვა რეგიონთან პარტნიორობის განვითარება, რაც ასევე ღიად გვიწერია საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში და ეს არ ეწინააღმდეგება არც ევროკავშირში და არც ნატო-ში გაწევრიანების მიზანს“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ დატოვა 17+1 ინიციატივა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი და ეს ინტერესი გადის შუა დერეფანზე და ანაკლიის პორტზე.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის გამოხატული ნება არის, რომ ვიმუშაოთ 2030-ის მდგრადი განვითარების მიზნებზე, რაც შეთანხმებაშია ჩაწერილი.
საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირსა და ჩინეთს, ასევე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არის უწყვეტი ზრდა და ჩინეთი ევროკავშირისთვის არის მესამე უმსხვილესი პარტნიორი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
„ჩინეთთან არათუ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, არამედ პოლიტიკურ ურთიერთობებზეც არავინ ამბობს უარს და „ნიანგის ცრემლების“ ღვრა იმაზე, რომ საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით ევროპულ კურსს გადაუხვია, აზრსა და ლოგიკას მოკლებულია. ასევე, აზრს მოკლებულია ის, რომ ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. პირიქით, რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ექნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მით უკეთესი იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, მულტივექტორული პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებაზე.
„ევროკავშირი მსოფლიოს ხედავს სწორედ მულტილატერალიზმის პრინციპით და სწორედ მულტილატერალიზმზე დაფუძნებული მსოფლიო დღის წესრიგისკენ მიილტვის, შესაბამისად, ჩვენ ევროკავშირის პოლიტიკასთან არათუ აცდენა გვაქვს, არამედ სწორედ ვეხმიანებით ამ პრინციპს. ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პრიორიტეტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე, არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. მაშინ როდესაც, ხუთიდან ერთი წევრი უხეშად არღვევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გვჭირდება ყველა დანარჩენი წევრის მხარდაჭერა, მანამ სანამ მოხდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულების გარდა, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა.
„ჩინეთი არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე და პარტნიორი. ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩინეთთან ძალიან აქტიური და მჭიდრო ურთიერთობები“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარალემენტის პრესსამსახური ავრცელებს.