ნიკოლოზ სამხარაძე - პრემიერ-მინისტრს პრაღაში კარგი შეხვედრები ჰქონდა, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები მაღალ დონეზე შენარჩუნდეს
ვინაიდან, ეს არის ევროპული ქვეყნების გამაერთიანებელი პლატფორმა, ამ გაერთიანებაში ჩვენი მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, პრაღაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საუბრისას განაცხადა.
სამხარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პრაღაში შეხვედრები დამატებითი შესაძლებლობაა, ურთიერთობების მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად.
„ეს არის ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობის თაობაზე ახალი ფორმატი, რომლის კონტურებიც პრაღაში გამოიკვეთა. ჯერ დანამდვილებით არ ვიცით, საბოლოოდ, რა სახეს მიიღებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატის გამოყენება ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციისთვის. გუშინ სწორედ ასეთი შესაძლებლობა იყო, პრემიერ-მინისტრს ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. როგორც ვხედავთ, ამ პლატფორმას ჯერ აქვს ის მნიშვნელობა, რომ თანამოაზრე ქვეყნები ერთმანეთს დააახლოოს. ეს ფორმატი უშუალოდ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის პირდაპირ მექანიზმად ვერ დავაკავშიროთ, მაგრამ გუშინ პრეზიდენტმა მაკრონმა საინტერესო რამე თქვა – ევროპა ეს არის ისლანდიიდან კავკასიის კონტინენტი ჩათვლით და ამ ქვეყნებს საერთო ღირებულებები აერთიანებთ. ამ შეხვედრას ევროპიდან მხოლოდ ორი ქვეყანა არ ესწრებოდა – რუსეთი და ბელარუსია. ვინაიდან, ეს არის ევროპული ქვეყნების გამაერთიანებელი პლატფორმა, ამ გაერთიანებაში ჩვენი მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა სამხარაძემ.