ნიკოლოზ სამხარაძე - პატრიარქთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებით გაოგნებული ვარ, ეს არის პოლიტიკოსების მხრიდან პირდაპირი ჩარევა ეკლესიის საქმეებში
ნიკოლოზ სამხარაძე - პატრიარქთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებით გაოგნებული ვარ, ეს არის პოლიტიკოსების მხრიდან პირდაპირი ჩარევა ეკლესიის საქმეებში

პატრიარქთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებით გაოგნებული ვარ, ეს არის პოლიტიკოსების მხიდან პირდაპირი ჩარევა ეკლესიის საქმეებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ეკლესია სრულიად უნდა იყოს ჩამოშორებული პოლიტიკურ საკითხებს.

„პატრიარქი იმის მიხედვით კი არ უნდა ავირჩიოთ, როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, არამედ როგორი მღვდელმთავარი და სულიერი წინამძღოლი იქნება. პრეზიდენტი ამ საკითხში როცა ერევა, თავისთავად ეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გამიჯვნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. მისი განცხადებით მართლა გაკვირვებული და გაოცებული ვარ. ჩვენ გვყავს მოქმედი პატრიარქი, შესაბამისად, ეს ადამიანი არის ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი. ჰიპოთეტურ საკითხებზე საუბარი და შემდეგ იმის გარკვევა, როგორი პოლიტიკური გემოვნება ექნება ამა თუ იმ მღვდელმთავარს, პრეზიდენტის საქმე არ არის. ეს განცხადება არაფერში წერია. ეს არის პოლიტიკოსების მხიდან პირდაპირი ჩარევა ეკლესიის საქმეებში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.