ნიკოლოზ სამხარაძე - როცა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ აზიის მიმართულებაზე ურთიერთობის გაღრმავება გვინდოდა, ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებდა, ერთმანეთს ამუნათებდნენ, ვინც შემოვიდოდა „პუფი“ იქნებოდა
პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო რეზოლუცია, სადაც ხაზგასმულია, რომ ჩინეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება გვინდოდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია მაშინ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა, ერთმანეთს ამუნათებდნენ.
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს კურსის ცვლილებას არ ნიშნავს. უფრო მეტიც, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან 21 ქვეყანას სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ჩინეთთან. ჩვენი ოპონენტები როცა საუბრობენ საგარეო კურსის ცვლილებაზე, კარგი იქნება, თუ გაეცნობიან, რა ტიპის პარტნიორობა აქვთ ევროკავშირის წევრებს, ასევე ნატო-ს წევრებსა და დიდ ბრიტანეთს. კითხვა არის იმის თაობაზე, რატომ არ შეუთანხმდა მთავრობა პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებისას. მათ ავიწყდებათ, რომ პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში რეზოლუცია მიიღო, სადაც ხაზგასმულია აზიის მიმართულებაზე, მათ შორის, სამ ქვეყანაზე, ჩინეთზე, იაპონიაზე და სამხრეთ კორეაზე, ვისთანაც პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება გვინდოდა. ოპოზიცია მაშინ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა, საერთოდ არ შემოდიოდნენ და ვინც შემოვიდოდა, „პუფი“ იქნებოდა, ერთმანეთს ამუნათებდნენ. მათ სავარაუდოდ, არც ის რეზოლუცია წაუკითხავთ“, – აღნიშნა სამხარაძემ.